თბილისი (GBC) – პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არ დაბრუნდა ხელისუფლებაში, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა“. ასეთი პასუხი კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც SWIFT-იდან საქართველოს შესაძლო გათიშვასაც ითვალისწინებს.
კობახიძის შეფასებით, ეს „არის ევროპარლამენტის მე-7 სამარცხვინო რეზოლუცია, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“.
„ეს ყველაფერი ახდენს საქართველოში ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ევროპული კვლევების მიხედვითვე რომ არის დაკლებული დაახლოებით 20%-ით საქართველოში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა, არ უნდა უკვირდეთ, როდესაც ასეთ სამარცხვინო შანტაჟს ახორციელებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არ დაბრუნდა ხელისუფლებაში, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გაჯერებული რეზოლუცია ევროპარლამენტმა 9 ივლისს თითქმის 500 ხმით მიიღო.