თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. პრემიერმა ნატომ პირველ პირს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, რასაც, მისივე თქმით, სტოლტენბერგის თბილისში ვიზიტიც მოწმობს.

სტოლტენბერგმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს კონტრიბუციას ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში. გენერალურმა მდივანმა დაგმო ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება.

სტოლტენბერგმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის მიმართ აგრესიის შეწყვეტისკენ.

მისივე თქმით, შავ ზღვაში რუსეთი ზღუდავს ნაოსნობას და ნატომ მხარდაჭერით უკრაინა ახერხებს აკვატორიაში რუსეთის სამხედრო ფლოტის დასუსტებას.

სტოლტენბერგის განცხადებები

„ბატონო პრემიერო, მიხარია თქვენი ნახვა კიდევ ერთხელ. კარგია, რომ ახლა აქ ვარ. ეს ასახავს, რამდენად ღირებულია ჩვენთვის საქართველო-ნატოს პარტნიორობა, ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში იყავით, ახლა მე აქ ვარ, ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგია. საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ორგანიზებული არჩევნების ჩატარება სრულიად უკანონოა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ნათლად არც თავისუფალი იყო და არც გამჭვირვალე“.

„რუსეთი იმპერიულ ამბიციებს მისდევს და უკრაინაში, ბრძოლის ველზე სიტუაცია რთულია. ასე რომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ მხარდაჭერა. ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამხედრო დახმარების 99 პროცენტს, ჩვენი პარტნიორებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ დევნილს და მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას ახორციელებს“.

კობახიძის განცხადებები

„ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში“.

„ბატონო გენერალურო მდივანო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა. წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა საფრთხის ქვეშაა. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში“.