თბილისი (GBC) – პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა აქტივისტმა ლაზარე გრიგორიადისმა, რომელსაც მანამდე მოსამართლემ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა, საპატიმროდან გამოსვლისას მედიასთან პირველ კომენტარში სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით“, - უთხრა ჟურნალისტებს გრიგორიადისმა.

მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო (მოსამართლემ)“, - აღნიშნა ლაზარე გრიგორიადისმა.

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება 24 აპრილს დატოვა.

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 24 აპრილს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, მსჯავრდებულმა გლდანის ციხე დატოვა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებმა დღეს ჩაიბარეს, რომელიც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.