თბილისი (GBC) - უცხოური გავლენის შესახებ კანონის მე-2 მოსმენით მიღების შემდეგ, 1-ელ მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები და საელჩოები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. "საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს", - ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს და იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. "საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.

საფრანგეთის საგარეო უწყების მსგავსად საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მიიღოს „აგენტების კანონი“, განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში.

„საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“,- ნათქვამია განცხადებაში.

„შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

განცხადებაში ვკითხულობთ, დიპლომატიური წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია.

„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მიმდინარე აქციებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოშიც ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

„საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული”, – ნათქვამია განცხადებაში.

"საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში „ჰედლაინებში" პოზიტიური საკითხების გამო ხშირად ხვდებოდა, მათ შორის, შემიძლია გამოვყო კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი, მნიშვნელოვანი რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები და ახლა "ჰედლაინებში" ყოფნა ამ სამწუხარო პროტესტის გამო, გამოწვევაა", - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან ფოკუსირებული იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე და აქედან გამომდინარე ხელისუფლება ამ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

„მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა ძალიან ფოკუსირებული იყო ევროკავშირის კანდიდატობაზე, არა მხოლოდ კავშირის წევრობაზე, არამედ ამ კუთხით ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზეც. ვფიქრობ, ყველა ეს მიზეზი ჯერ კიდევ არსებობს და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება და ქვეყნის ლიდერები სიფრთხილით მოეკიდონ შემდეგ ნაბიჯებს. მე ვფიქრობ, რომ რეფორმები, რომლებიც იყო მოტივირებული ევროკავშირის კანდიდატობით, ჯერ კიდევ რელევანტურია და ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ კურსის შენარჩუნება, რათა საფრთხე არ შეექმნას ამას.

ჩვენ უნდა შევაფასოთ, რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ კანონს იმ სამუშაოზე, რომელსაც საქართველოში ვეწევით. ის თუ რა გავლენას მოახდენს ეს კანონი ევროკავშირთან ურთიერთობას, ვფიქრობ, ევროკავშირის წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ. მსოფლიო ბანკი, უფრო მეტად დაკავებულია საქართველოში ეკონომიკური განვითარების, სიღარიბის ზრდის საკითხებით და საბოლოოდ და საქართველოსა და ქართველებისთვის კეთილდღეობის შექმნით და ვიცი, რომ ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც ფიქრობს. ვისურვებდი, რომ მათ განაგრძონ ამ მიმართულებებზე მუშაობა, თუ რა რეფორმები უნდა გატარდეს და რა გზის არჩევა უნდა მოხდეს, საქართველოში კეთილდღეობის შესაქმნელად“,- განაცხადა როლანდ პრაისმა.

ცნობისთვის, 1–ელ მაისს რუსთაველის გამზირზე „რუსული კანონის“ გასაპროტესტებლად ასი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია სრულად გაიყვანა ადგილიდან.

რამდენიმე ათეული ადამიანი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა. სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის ეზოში იყო, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შემდეგ კი გაზი რამდენჯერმე გაუშვეს რუსთაველის გამზირის მხარესაც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამოიყენეს ასევე რეზინის ტყვია, თუმცა შსს ამ ფაქტს უარყოფს.

დღეს, 2 მაისის დილას, საქართველოს პარლამენტის აპარატმა განაცხადა, რომ პლენარული სხდომები არ გაიმართება. „მოქმედებს წითელი და შემდეგ ყვითელი დონეები, ვინაიდან 1-ელ მაისს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო: მაქსიმე ბაქრაძე