თბილისი (GBC) – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ლიეტუვის მიერ დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ამბობს, რომ ეს არის „2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების უხეში და სამართლებრივი საფუძვლის არმქონე დარღვევა".

პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი უნდა სცენ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2010 წლის ამ ხელშეკრულებით, უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მიენიჭა, მაშინ როცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს კიდევ 7 წელი უვიზო რეჟიმი არ გვქონდა. მხოლოდ 2017 წელს, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, უვიზო მიმოსვლა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

ლიეტუვამ ევროპის კავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, გუშინ, 21 მაისს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო რეჟიმი გაუუქმა. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება ესტონეთმაც მიიღო.

გამოცემა Delfi წერს, რომ ლიეტუვის მთავრობამ სამინისტროს დაავალა მიღებული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროპის კავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს.

ევროკავშირის საბჭოს მიერ 2025 წლის 27 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლით.

ევროპის კავშირის წევრმა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ბალტიის ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის ლიდერებს და მათი პოლიტიკის მხარდამჭერებს სანქციები დაუწესეს ანტიდემოკრატიული კანონების, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონის და ლგბტქ თემის უფლებების შემზღუდავი კანონის და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო.

სანქციები აამოქმედა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. კერძოდ, 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი "რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის" დაასანქცირა.