თბილისი (GBC) – ირაკლი კობახიძემ ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ თბილისში ე.წ. რიყის დოქები, როგორც „სიმახინჯე“, უნდა დაინგრეს და მის ადგილზე ძველი თბილისის გარემოსთან შერწყმული ობიექტი აშენდება. მას არ დაუკონკრეტებია, რა შენობა უნდა აღიმართოს „რიყის დოქების“ ადგილზე.
„რიყის დოქების" ადგილზე რა აშენდება, მოლაპარაკებების პროცესში დაზუსტდება, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, - თქვა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „მახინჯი დოქები არ ეკადრება ლამაზ დედაქალაქს“.
„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან", - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, იმავეს უპირებენ თუ არა „მშვიდობის ხიდს", მან აღნიშნა, რომ არა.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელის საკუთრებაში არსებული ე.წ. რიყის დოქები მიმდინარე წელს გაიყიდა. უფრო კონკრეტულად, ბიზნეს რეესტრის მიხედვით, რიყის დოქების მესაკუთრე შპს „რიყე დომი“ გახდა, რომელიც შპს ნ.გ.ბ. ეკუთვნის, ხოლო კომპანიის დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილია. თავის მხრივ შპს ,,ნ.გ.ბ.” -ს მესაკუთრე თორნიკე კოპალიანია, რომელიც სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ფლობს შპს ბამბუ გარდენსის წილის 10%-ს და თავადაა დირექტორი, შპს 3ფ-ს 100%-ს, შპს თპ კომპანის 100%-ს, მეღვინეობა ხვამლის 100%-ს. მისი თანასაკუთრებაა კოოპერატივი უდაბნო-ლახირიც.
ე.წ. რიყის დოქები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეშვიდე მცდელობაზე, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად 2022 წელს გაყიდა. ქონება Global Victory Trust-მა შეიძინა, რომლის ერთ-ერთი აქციონერი დავით ხიდაშელის კომპანია იყო. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა ვალდებულება, 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
რიყის დოქების გარდა, მიმდინარე წელს ბიზნესმენ დავით ხიდაშელს სახელმწიფომ კურორტი ლიბანი და ახტალა ჩამოართვა. ხიდაშელმა რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს რაჭის ტყეების 49 წლიანი ლიცენზიაც დაუბრუნა.