თბილისი (GBC) - ლიეტუვამ ევროპის კავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, გუშინ, 21 მაისს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო რეჟიმი გაუუქმა. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება ესტონეთმაც მიიღო.

გამოცემა Delfi წერს, რომ ლიეტუვის მთავრობამ სამინისტროს დაავალა მიღებული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროპის კავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს.

ევროკავშირის საბჭოს მიერ 2025 წლის 27 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლით.

ეს გადაწყვეტილება შეეხებათ:

  • საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
  • საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს.
  • დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ევროპის კავშირის წევრმა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ბალტიის ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის ლიდერებს და მათი პოლიტიკის მხარდამჭერებს სანქციები დაუწესეს ანტიდემოკრატიული კანონების, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონის და ლგბტქ თემის უფლებების შემზღუდავი კანონის და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო.

სანქციები აამოქმედა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. კერძოდ, 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი "რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის" დაასანქცირა.