თბილისი (GBC) - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) „ოცნების” მიერ მიღებულ ე.წ FARA-ს აანალიზებს და აცხადებს, რომ ეს კანონი ხდება იარაღი სამოქალაქო საზოგადოების დასასჯელად.

2025 წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოელი აგენტები“.

საია მიუთითებს, რომ კანონის ტექსტი თითქმის ამერიკული FARA-ს იდენტურია, თუმცა შინაარსი და დანიშნულება ქართულ რეალობაში სრულიად იცვლება.

„ამერიკაში ეს კანონი მიზანმიმართულად არ ვრცელდება არასამთავრობო სექტორზე, მედიაზე ან იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებიან. იქ რეგულაცია ეხება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებიც პირდაპირ ემორჩილებიან უცხო ქვეყნის დავალებებს და ზეგავლენას. ამის პარალელურად, ამერიკულ მოდელს თან ახლავს ძლიერი ინსტიტუციური დაცვის მექანიზმები – დამოუკიდებელი სასამართლო, პროკურატურა და ზედამხედველობა.

საქართველოში კი კანონის აღსრულება გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არის. ის, ისევე როგორც სასამართლო და პროკურატურა, მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა.

ამ პირობებში საქართველოში კანონი ხდება იარაღი სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული ხმების დასასჯელად. ამაზე უკვე მიუთითეს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ეუთომ. მათი შეფასებით, კანონი ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მიუთითებს კონტექსტზეც და აღნიშნავს, რომ „კანონის განმარტებასა და აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის არარსებობა, მის მიღებასთან დაკავშირებული პოლიტიკური კონტექსტი და „ქართული ოცნების“ აშკარად ბოროტი მიზნებით ნაკარნახევი კანონშემოქმედებითი მოტივაცია ცხადყოფს, რომ კანონის მიღება არ ემსახურება გამჭვირვალობას, არამედ მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცეების შეზღუდვას.

მკაცრი სანქციებისა და ეროვნულ დონეზე ხელმისაწვდომი დაფინანსების ალტერნატივების არარსებობის პირობებში, კანონის „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციის შესაბამისად ამოქმედება, პრაქტიკულად, სამოქალაქო სექტორის აკრძალვას ნიშნავს”, – წერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

ირაკლი კობახიძემ ოთხშაბათს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით".

მისივე თქმით, FARA-ს  კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა, საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.