თბილისი (GBC) - „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის შესვენების დროს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა სასამართლოს აგრძელებენ (სამუშაო საათების დასრულების შემდეგ), ამ ხალხის მოყვანა და მობილიზება ამ საპოლიციო ძალების აღარ უნდათ მეორედ იმიტომ, რომ პრემიები უნდა ურიცხონ მერე".
„ყველა შუამდგომლობიდან, რომელიც ჩვენმა მხარემ დააყენა, მოსამართლემ არცერთი არ დააკმაყოფილა და ყველა შუამდგომლობას, რომელსაც ისინი აყენებენ, ცხადია, მოსამართლე აკმაყოფილებს. თუმცა, ჩვენც გვაქვს შუამდგომლობები, მათ შორის, გირაოს გაუქმებაზე, ისინი ალბათ, მერე დააყენებენ პატიმრობაზე. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ის ხდება, რასაც ველოდით.
თეა წულუკიანის დაკითხვაზე შუამდგომლობა მანამდეც გვქონდა დაყენებული, რამდენჯერმე მივმართეთ და ყოველ ჯერზე სასამართლომ უარი თქვა. წულუკიანამდე არც მისულა ეს ამბავი, ვერც ბედავენ, რომ მიიტანონ, აქვე ჩეხენ მაგ ამბავს და აქვე ამბობენ უარს. ამბავი ის იყო, რომ წულუკიანი მოსულიყო და აქედან იქნებოდა კითხვა, მე რატომ მიბარებენ საერთოდ.
ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა სასამართლოს აგრძელებენ (სამუშაო საათების დასრულების შემდეგ), ამ ხალხის მოყვანა და მობილიზება ამ საპოლიციო ძალების აღარ უნდათ მეორედ იმიტომ, რომ პრემიები უნდა ურიცხონ. ამათმაც და მოსამართლემაც იციან, რომ დღეს უნდა გადაწყვიტონ, მეორედ ამ ხალხის მობილიზების თავი აღარ აქვთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ პროტესტი გაგრძელდეს, რადგან გარედან უნდა ჩანდეს, რომ ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის.
დღეს, 15:00 საათზე „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დაიწყო.
მანამდე, ჯაფარიძის მხარდასაჭერად აქცია 14:00 საათზე დაანონსდა. ამის პარალელურად სასამართლოს ორივე შესასვლელთან როგორც მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე საპოლიციო ძალები მობილიზდნენ.
სასამართლოს მანდატურები, სასამართლოს ეზოში არ უშვებდნენ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებდნენ. შესაბამისად, სასამართლოს ეზოში მხოლოდ ისინი იმყოფებოდნენ, ვინც ადგილზე ცოტა ადრე მივიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, სერგი ბზიშვილი. მედიასთან საუბარში მან თქვა, რომ "სასამართლოს ეზოში შესვლაზე გადაწყვეტილებას მანდატურები იღებენ და არა თავად".
ადგილზეა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც.
ჯაფარიძეს სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ჯაფარიძემ აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი თქვა.
მანამდე, 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.