თბილისი (GBC) - ევროპის კავშირში აცხადებენ, რომ „რადიო თავისუფლების“ საქმიანობის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, €5,5 მლნ–ს გამოუყოფენ.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, ეს ფული მოხმარდება მაუწყებლობას ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

„გაუფილტრავი კონტენტის ზრდის ეპოქაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ მიხარია, გამოვაცხადო, რომ ვამზადებთ €5,5 მლნ-ის კონტრაქტს დემოკრატიის ევროპულ ფონდთან, რომელიც მხარს დაუჭერს „რადიო თავისუფალი ევროპის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას. ეს არის მოკლევადიანი საგანგებო დაფინანსება, რათა მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას“, – აღნიშნულია კალასის განცხადებაში.

კაია კალასმა დასძინა, რომ გრძელვადიანი დაფინანსებისთვის ჯერ კიდევ საჭიროა გადაწყვეტილების მოძებნა. თუმცა, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განმარტა, თავისუფალი მედიის მხარდაჭერა რჩება ევროკავშირის ინვესტიციების სტრატეგიულ მიმართულებად.

ინფორმაციისთვის, მაისის დასაწყისში შვედეთის ხელისუფლებამ „რადიო თავისუფლების“ მხარდასაჭერად 1,84 მილიონი ევრო გამოყო.

მანამდე, ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ კონგრესის მიერ აპრილის თვეში გამოყოფილი $12 მლნ-ის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, ერთი პიროვნული გადაწყვეტილებით მოახდინოს კონგრესის მიერ „რადიო თავისუფლების“ ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხების ბლოკირება.

2025 წლის მარტში გლობალური მედიის სააგენტოს დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას" გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან, დაახლოებით $77 მლნ.

ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 14 მარტს გამოცემული განკარგულება, შეამციროს შვიდი ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას", ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

"რადიო თავისუფლებამ" და "ამერიკის ხმამ" სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.