თბილისი (GBC) - ზურაბ აბაშიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე პარასკევს გაიმართა. ზურაბ აბაშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.

აქამდე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იყო, თუმცა მან თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა დაიკავა. 

„უმრავლესობის ფრაქციასთან კონსულტაციების შემდეგ ყველასთვის ცნობილია, რომ არჩევანი შეჩერდა ბატონ ზურაბ აბაშიძეზე. ზურაზე ბევრი ლაპარაკი, მე მგონი, საჭირო არ არის. ყველამ იცის, რომ ჩვენი კოლეგაა, მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ყველამ კარგად ვიცით“, - თქვა გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რომელიც უძღვებოდა სხდომას.

ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის პირველი დაასახელა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ კი ჩამოთვალა სხვა მაღალჩინოსნები.

საკრებულოს თავმჯდომარეობამდე ზურაბ აბაშიძე მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის საკრებულოს წევრი გახდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. მანამდე იყო ელჩი ყაზახეთში და პარლამენტის წევრი.

მისი პოლიტიკური საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო.

სხვადასხვა დროს ზურაბ აბაშიძე იყო:

  • 2004-2005 წწ. - იუსტიციის მინისტრის მოადგილე; იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აპარატის უფროსი;
  • 2005-2007 წწ. - ფინანსთა მინისტრის მოადგილე; მთავრობის აპარატის უფროსი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო მისიების მინისტრი;
  • 2007-2008 წწ. - საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროსი;
  • 2010–2012 წწ. - თბილისის საკრებულოს წევრი; თავმჯდომარის მოადგილე.