თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა 15 ოქტომბერს გააუქმა.
„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
14 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ელინა ვალტონენი მივიდა.
“საქართველოში, თბილისში პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა თავისი შეშფოთება გააჟღერონ თავიანთი ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე. მათ დემოკრატიის, გამოხატვის და საბაზისო ადამიანის უფლებების სრული უფლება გააჩნიათ. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ" , - დაწერა მოგვიანებით ვალტონენმა X-ზე.
Peaceful protestors have gathered in front of the Parliament Building in Tbilisi, Georgia, to voice their concern over the repressive direction of their country. They have every right to democracy, to freedom of expression and basic human rights.
— Elina Valtonen (@elinavaltonen) October 14, 2025
We are here to support them. pic.twitter.com/6axn6usXay
ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს სამ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში მართავს მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს.
საქართველოს შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა 2008 წლის ომის შედეგებზე. ის დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავა.