თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა ₾12.1 მლრდ შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს (76.9%) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.5% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 13.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა

2024 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო ₾2.9 მლრდ ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ ₾2.5 მლრდ შეადგინა.

2024 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.5 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 65.9% ქალი იყო.

2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) ₾1.1 მლრდ შეადგინა, საიდანაც:

  • 41.7% - სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა
  • 11.8% – ქონების დაზღვევაზე
  • 9.2% – სიცოცხლის დაზღვევაზე
  • 6.7% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე
  • 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე
  • ხოლო დანარჩენი (29.2%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) ₾707.6 მლნ-ით განისაზღვრა, რომლის:

  • 52.6% - სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა
  • 5.5% – სიცოცხლის დაზღვევაზე
  • 4.6% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე
  • 4.5% – ქონების დაზღვევაზე
  • 0.3% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე
  • ხოლო დანარჩენი (32.5%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სადაზღვევო კომპანიების მიერ 2024 წელს გამომუშავებული პრემია და დამდგარი სადაზღვევო ზარალი, დაზღვევის სახეობების მიხედვით: