თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ანტონელა ბასანის შეხვდნენ. 

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და დაკავშირებადობის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და ა.შ.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.

ახლახან, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.

ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი.