თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის 17-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა მუშავდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.

"პროექტის განხორციელების არეალში მცხოვრებმა მოსახლეობამ უძრავი ქონების შეფასებისა და განსახლების პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს ასევე მომზადებული აქვს ანაკლიის პორტთან მისასვლელი 17-კილომეტრიანი გზისა და რკინიგზის მშენებლობის დეტალური პროექტი", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ახალი გზის მშენებლობაზე ₾45 მლნ-ის, 2027 წელს კი 125 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.