თბილისი (GBC) – რუსეთმა 2025 წელს აფხაზების და ოსების რუსულ ინსტიტუციონალურ და კულტურულ ჩარჩოებში ინტეგრირების პროგრამების განხორციელება დაიწყო. ამისათვის აქტიურად იყენებენ საკადრო პროგრამებს და რუსული გრანტების პროგრამებს. მოსკოვში ირწმუნებიან, რომ ეს პოლიტიკა 2026 წელსაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიტარული მიმართულებით. ამის შესახებ რუსული გამოცემა eadaily.com წერს.

სტატიის თანახმად, რუსეთში აღნიშნავენ, რომ აფხაზეთი გააგრძელებს საერთაშორისო აღიარების მცდელობებს, ხოლო „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან ინტეგრაციაზე მიმართავს ძალისხმევას.

ამ ორი ოკუპირებული რეგიონისთვის 2026 წელი საარჩევნო ციკლში შესვლის პერიოდი იქნება, ვინაიდან 2027 წლის გაზაფხულზე ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო, ხოლო აფხაზეთში – ე.წ. საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული.

რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შედეგად ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. შედეგად, ათობით ათასი ქართველი დევნილი გახდა. მალევე კრემლმა ორივე ოკუპირებული რეგიონი დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ორ რეგიონს.