თბილისი (GBC) - საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა.

ირაკლი ყურაშვილის დიპლომატიური კარიერა 30 წელს ითვლის. წლების განმავლობაში იგი ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.

ირაკლი ყურაშვილი 2023-2025 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, 2017-2022 წლებში – არგენტინის რესპუბლიკაში, ხოლო 2012-2017 წლებში – შვეიცარიის კონფედერაციაში.

2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს.

ირაკლი ყურაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

2024 წლის 9 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით მიღებისა და დასავლეთთან ქვეყნის ხელისუფლების დაპირისპირების ფონზე, საქართველოს ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ იგი თანამდებობას ტოვებდა. 

„ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“, - წერდა იგი ფეისბუკზე.

ჯავახიშვილი ამბობდა, რომ „ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას“.

2025 წლის ივნისში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირაკლი ყურაშვილის წარადგენდნენ აღნიშნულ პოზიციაზე, თუმცა მსჯელობა ოფიციალური არ იყო.