თბილისი (GBC) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

ოფიციალური თბილისის განცხადებით, მსგავსი ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ არის მიმართული.

„საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ინციდენტის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანელ კოლეგას შექმნილი ვითარების განსახილველად.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ირანული წარმოების დრონები ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. იერიშის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ განმარტებებისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, მოჯტაბა დერმიჩილუ დაიბარა.