თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ნახიჩევანში დაცემული ირანული დრონების მახასიათებლებს სწავლობს, რომლებიც ავტონომიაში ირანის ტერიტორიიდან შეფრინდნენ. უწყება აუცილებელ საპასუხო ზომებზეც მუშაობს, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

„მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მზადაა აუცილებელი საპასუხო ზომებისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინფრასტრუქტურის ობიექტების დასაცავად“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე ირანის მხრიდან დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ორი ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომელიც ირანული მხრიდან მომხდარზე განმარტებებს ითხოვს.

უწყების ცნობით, 5 მარტს ირანის ტერიტორიიდან ნახიჩევანის ავტონომიაში შეფრინდა ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან ერთი ნახიჩევანის საერთაშორისო აპარატის ტერმინალს დაეცა, ხოლო მეორე სოფელ შექერაბადის სკოლასთან აფეთქდა.

ამის შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილუ საგარეო უწყებაში გამოიძახეს მას შემდეგ, რაც ირანული დრონებით ნახიჩევანის აეროპორტზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე შეტევა განხორციელდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანელ ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემენ.