თბილისი (GBC) – გუშინდელი ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს, 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, როგორც ოპოზიციას, ისე დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საფუძვლიანი არგუმენტები არ გააჩნია, თუ რატომ არ უნდა მიიღოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი. მისივე თქმით, ოპონენტები „დოგმატურად“ უდგებიან საკითხს.

„მგონი საზოგადოება გუშინ დარწმუნდა იმაში, რომ არის მცდელობა ყვირილით გადაფარონ მსჯელობა. ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, მოწმეები ვართ დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი. ამ პროცესს თავისი აღწერაც აქვს, ამას ჰქვია დოგმატიზმი, სადაც ნაცვლად არგუმენტების წარმოდგენისა, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი. ყველაფერი ეს არის დოგმით მსჯელობა და როდესაც აღარ შემოდიან არგუმენტში. გუშინ 9 საათის განმავლობაში ბატონი მამუკა მდინარაძე სვამდა მთავარ კითხვას. იმისთვის, რომ გამოავლინო დოგმატური არგუმენტები და დოგმატიზმი არსებობს ერთი მარტივი ხერხი, ეს არის ერთი მარტივი კითხვა - რატომ? როდესაც ამ რატომზე არ არის არგუმენტირებული პასუხი, ესე იგი ჩვენ საქმე გვაქვს დოგმასთან, რწმენასთან, რომელიც უნდათ წარმოადგინონ როგორც არგუმენტი. გუშინ ისმოდა კითხვა რატომ? მაგრამ პასუხი ამაზე ვერ გასცეს. ერთადერთი, რაც ადასტურებს, რომ დოგმასთან გვაქვს საქმე, პასუხი იყო, იმიტომ, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს. ხომ ეს იყო ერთადერთი პასუხი? კი, მაგრამ ბრიუსელი ხომ გეუბნება არას? ვაშინგტონი ხომ გეუბნება არას? ქვეყანას სხვადასხვა ეტაპი აქვს გამოვლილი თავის ცხოვრებაში და ამ ხალხსაც გამოვლილი აქვს. ჩვენ ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებზე, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, როდესაც ვეკითხებით რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, გვეუბნებიან, რომ იმიტომ, რომ თქვენგან საზოგადოების რაღაც ნაწილს არ უნდა. რატომ არ უნდა? იმიტომ, რომ არ უნდა. ვეუბნებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ? იმიტომ, რომ უცხოელები გვეუბნებიან, არ მიიღოთო. ანუ, ასეთი ურთიერთმითითება მიდის. შეგახსენებთ, ზუსტად იგივე ხერხი იყო გამოყენებული ე.წ. ვეტინგის დროს. ვეკითხებით არასამთავრობოების ნაწილს რატომ უნდა იყოს [ვეტინგი], გვეუბნებიან, იმიტომ, რომ უცხოეთიდან გვეუბნებიან, რომ ვეტინგი ჩაატარეთო. ვეკითხებით უცხოელებს, რატომ უნდა ჩავატაროთ, გვეუბნებიან იმიტომ, რომ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენო. აი ამ რატომზე როდესაც არ არის არგუმენტი არამედ, მითითებაა რაღაც ე.წ ავტორიტეტებზე, აქ ჩანს, რომ სინამდვილეში ახლა არის მცდელობა, რომ ჩვეულებრივი დოგმატიზმით აუკრძალონ საზოგადოებას აზროვნება. მაგრამ ვხედავთ, რომ საზოგადოებამ ეს ეტაპი გამოიარა და ძალიან კარგად ხედავს, რომ მსჯელობის ალტერნატივა არ არსებობს. დოგმებით საუბარი და არგუმენტირებული განსჯის ჩახშობა, აღარ გამოუვათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კანონპროექტის საპარლამენტო მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართება.

ორშაბათს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან და სპეცდანიშნულების რაზმებთან რამდენიმე შეტაკება მოხდა. პოლიციელებმა აქციის 14 მონაწილე დააკავეს.