თბილისი (GBC) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, ევროკავშირმა ყულევის ნავსადგური ანტირუსული სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო. გადაწყვეტილება მოჰყვა თბილისის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომ ქვეყნის პორტებში სანქცირებული გემების მომსახურება არ ხდება.
იოსელიანის განმარტებით, საქართველო, როგორც პასუხისმგებლობიანი პარტნიორი, სანქციების დაწესების დღიდან უზრუნველყოფს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ფინანსური სისტემა აკრძალვების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული.
მისივე თქმით, ნავსადგურებში მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები, რაც საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიან აღსრულებას ემსახურება.
პარალელურად, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილ წერილში დაადასტურა, რომ ყულევის ტერმინალის საკითხი ხელახლა მას შემდეგ გადაიხედა, რაც ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა (SOCAR) პოზიტიური ვალდებულებები აიღეს.
კერძოდ, პორტმა პირობა დადო, რომ დაიცავს რუსული ნავთობის ფასების ლიმიტსა და იმპორტის აკრძალვებს.
ო’სალივანმა ხაზი გაუსვა ტანკერ M/T TRUVOR-ისთვის პორტში შესვლაზე უარის თქმის ფაქტს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაადგილებას. ამასთან, მან გააფრთხილა ქართული მხარე, რომ ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები იმ ფინანსური ინსტიტუტების დასასანქცირებლად, რომლებიც რუსულ საგადახდო სისტემებს (SPFS, SBP, MiR) იყენებენ.
ევროკავშირი და საქართველო ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლას ტექნიკური ექსპერტების ვიდეოკონფერენციის ფორმატში გააგრძელებენ.