თბილისი (GBC) - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს (ხარება) რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამის შესახებ შსს-ს მიერ სამშაბათს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული პროევროპული აქციების ფონზე ზვიად ხარაზიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა. ერთხელ მაშინ, როცა აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები რუპორით აგინა.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტიდან, იძალადეს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. ამ დრომდე არავინ დასჯილა.
ამ ფაქტს მოჰყვა „ხარება“-ს სანქცირება არაერთი ქვეყნის მიერ. მათ შორის, ის დაასანქცირა აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა.
შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, გელა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს – ვაკანტურ პოზიციაზე მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოგისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.
9 ივნისის ღამეს ცნობილი გახდა, რომ შსს-ის უწყებაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის:
- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა;
- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;
- ვაჟა სირაძე – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა;
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან მაისურაძე დაინიშნა;
- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;
- კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;
- ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან კვიციანი დაინიშნა;
- ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;
- სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;
- იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;
- შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი.