თბილისი (GBC) – ბელგოროდში და ბელგოროდის რაიონში რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სამშაბათს განაცხადა. 

გლადკოვმა მანამდე, სამშაბათს დილით, განაცხადა, რომ საზღვართან მდებარე გრაივორონის ოლქში, სადაც გუშინ „რუს მოხალისეთა კორპუსი“ შევიდა, „წმენდა“ გრძელდება.

„თავდაცვის სამინისტრო და ძალოვანი სტრუქტურები ერთობლივად ატარებენ ტერიტორიის წმენდას. გრაივორონის ოლქის მოსახლეობას, რომელმაც საცხოვრებელი სახლები დატოვეს, ჯერ არ ვურჩევ დაბრუნებას“, – თქვა გლადკოვმა.

მისივე თქმით, ბრძოლის დროს ორი მშვიდობიანი პირი დაიჭრა, ევაკუაციის დროს კი 1941 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა BBC-ს უთხრა, რომ ბელგოროდის ოლქში მიმდინარე რეიდში მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები მონაწილეობენ. „თითქმის სრულად დარწმუნებული ვართ, რომ ამ თავდასხმებს რუსეთის მოქალაქეები აწარმოებენ, რომლებსაც ყელში აქვთ ამოსული თავისი ქვეყნის ტერორისტული რეჟიმის ქმედებები“, – თქვა საკმა.

ამასობაში, უკრაინელები ბახმუტს არ თმობენ, სადაც გააფთრებული ბრძოლები გრძელდება. ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით უკრაინელი მებრძოლები სიმაღლეების დაკავებას ცდილობენ.

უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, 22 მაისს ბახმუტში შეზღუდული საბრძოლო ოპერაციები ტარდებოდა. უკრაინის გენშტაბი იტყობინებოდა, რომ ქალაქში ბრძოლა გრძელდება და რუსებს გრიგოროვკასთან შეტევის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ.