თბილისი (GBC) – ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის ყველა წინადადება რისკების შემცველია. მისი აზრით, აქტივების გაყინვიდან მათ კონფისკაციაზე გადასვლამ შესაძლოა „საერთაშორისო წესრიგი დაარღვიოს, რომლის დაცვაც თქვენ გინდათ – ის, რასაც გინდათ, რომ რუსეთმა პატივი სცეს“.

„ოთხი სხვადასხვა სქემა ვნახე იმის გვერდის ასავლელად, რასაც ბევრი სხვა იურისტი ძალიან სერიოზულ იურიდიულ დაბრკოლებად აფასებს და რომელსაც შეიძლება ეწოდოს საერთაშორისო სამართლის წესრიგის დარღვევა“, – თქვა ლაგარდმა ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც Financial Times ციტირებს.

ევროპის ბანკის ხელმძღვანელის აზრით, ძალიან დიდი ყურადღებით მიდგომას საჭიროებს აქტივების გაყინვიდან მის კონფისკაციაზე გადასვლა.

ქალბატონმა ლაგარდმა ყურადღება გაამახვილა რუსული აქტივების განთავსებაში არსებულ „უზარმაზარ ასიმეტრიაზე“: აშშ–შია განთავსებული $6 მლრდ, ევროზონაში – 200 მლრდ ევროზე მეტი.

მანამდე აშშ–ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი რუსეთის აქტივების გამოყენების ერთ–ერთ ვარიანტად მის უკრაინისთვის გადამისამართებას განიხილავდა. რუსულ აქტივებთან დაკავშირებით საბოლოო გეგმა G7–ის სამიტზე დაიდება, რომელიც ივნისშია ჩანიშნული.