თბილისი (GBC) – აშშ–ის ხელისუფლებამ უცხოური ბანკების ტოპ–მენეჯერების პერსონალური გაფრთხილება დაიწყეს, რუსულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რისკებთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ პროცესში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მათი თქმით, აშშ–მა ჩინეთის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის და დსთ–ის ქვეყნების ბანკების ტოპ–მენეჯერებს გამაფრთხილებელი წერილები დაუგზავნა. შედეგად, რუსული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ უცხოურ საკრედიტო დაწესებულებებში საშუალოდ 6 თვემდე შემცირდა, აღნიშნავენ გამოცემის წყაროები.

აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები სახელმწიფო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს ესაუბრნენ სანქცირებულ რუსულ ბანკებთან თანამშრომლობის და საგადახდო სისტემა „მირის“ გამოყენების რისკებზე.

გასული წლის ბოლოს აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განკარგულება გამოსცა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს რუსულ ბანკებთან თანამშრომლობაში მხილებული სხვა ქვეყნების საკრედიტო დაწესებულებების სანქცირების უფლებას აძლევს. ამის შემდეგ ჩინეთის, თურქეთის და საამიროების ბანკებმა შეწყვიტეს ტრანზაქციები რუსულ კონტრაგენტებთან.