თბილისი (GBC) – პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ომი აღარ არის წარსულის სახე და ნებისმიერი სცენარია მოსალოდნელი. მის ამ განცხადებას La Repubblica ციტირებს.

„ვიცი, ეს კატასტროფულად ჟღერს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, მაგრამ ახალი ეპოქის დადგომას უნდა შევეგუოთ – ომისწინა ეპოქის. არ ვაჭარბებ. დღითი დღე ეს სულ უფრო თვალსაჩინო ხდება“, – თქვა ტუსკმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2009 წელს აცხადებდა იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს, მაგრამ მაშინ „ხალხმა მხრები აიჩეჩა: რა თქმა უნდა, პოლონელია, რუსოფობი“, მაგრამ დღეს ევროპის დედაქალაქებში ამ პრობლემისადმი მიდგომები იცვლება.

ტუსკმა ესპანეთის პრემიერის პედრო სანჩესის ბოლოდროინდელი განცხადებაც გაიხსენა, რომელიც სიტყვა „ომის“ ხსენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა პოლიტიკოსებს, რათა ადამიანები აბსტრაქტული სიტყვებით არ შეწუხდნენ. „მე ვუპასუხე, რომ ევროპის ჩემ ნაწილში ომი აბსტრაქცია აღარ არის და ჩვენი ვალია არა განხილვა, არამედ მოქმედება და მზადება თავდაცვისთვის“, – აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.