თბილისი (GBC) – ვიდრე ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მიმდინარე კვირაში კრემლში პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა უკვე შერაცხეს სის ვიზიტი „მშვიდობის მისიად“. მაგრამ ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ ეს ვიზიტი ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი შეიძლება გახდეს – უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომთან მიმართებით, წერს ამერიკული გამოცემა The New York Times.

აშშ–ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჩინეთი ჯერ კიდევ განიხილავს რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს (საუბარია საარტილერიო ჭურვებზე), რომელსაც კრემლის შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებენ. სის მიერ მშვიდობისკენ მოწოდებაც კი იმის მცდელობა იქნება, რომ პუტინმა უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე გაიმყაროს თავისი პოზიციები.

ამერიკის სპეცსამსახურები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ომის დროს რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები გაღრმავდა. ეს ორი ქვეყანა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს განაგრძობენ. ამასთან, პეკინი, მოსკოვის კვალდაკვალ, რეგულარულად აკრიტიკებს NATO–ს. ჩინეთი რუსული ნავთობის უმსხვილეს შემსყიდველად რჩება და მის მიერ „შავ ოქროში“ გადახდილ ფულს კრემლი ომის დასაფინანსებლად იყენებს.

განაჩენი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პარასკევს რუსეთის პრეზიდენტი ინდივიდუალურად დაადანაშაულა ომის დაწყების დღიდან ათასობით უკრაინელი ბავშვის რუსეთში უკანონოდ გადაყვანაში. სასამართლოს მიერ პუტინის დაკავებაზე გაცემული ორდერი ომის დამნაშავე პრეზიდენტს ასზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობას უკარგავს. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ თუ პუტინი გერმანიის მიწაზე დადგამს ფეხს, დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ მას და ჰააგის სასამართლოს გადასცემენ.