თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $2 მილიარდი შეადგინა, რაც 14.2%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 44.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა და 902.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2022-2025 წლებში.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  • რუსეთი ($173.4 მლნ),
  • თურქეთი ($87.9 მლნ),
  • ჩინეთი ($77.8 მლნ).

2025 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $96.3 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, $71.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $63.6 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%)