თბილისი (GBC) - პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს, სამედიცინო შემოწმების მიზნით სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობაზე ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით იქნება გათვალისწინებული.

დღეს მოქმედი კანონით, 1 000–ლარიანი ჯარიმა გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით, გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობაზე.

კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „თავდაცვის კოდექსში“ შედის, არის საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახალი „თავდაცვის კოდექსის“ ამოქმედების შემდგომ შეიქმნა. მისი ძირითადი ფუნქცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და თავდაცვის ძალების რეზერვის აღრიცხვაა.

სამინისტროს განმარტებით, სააგენტოს სტრუქტურა მუნიციპალიტეტების მიხედვით მოიცავს სამსახურებს და მას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გააჩნია, რომლის გამოყენება საომარი მდგომარეობის შემთხვევაში, საჭირო გახდება.

„ამდენად, მშვიდობიანობის დროს, საჭიროა სააგენტოსა და თავდაცვის ძალების მიერ ერთობლივად განხორციელდეს წვრთნების, ტრენინგების, სწავლებების დაგეგმვა-ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების მომზადება“, – განმარტავს თავდაცვის სამინისტრო.