თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1 , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.3 პროცენტით განისაზღვრა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.8 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 1.4 პროცენტით, რაც თვის ინდექსზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (3.9 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (1.0 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2024 წლის მარტის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.