თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე საოჯახო მარანი აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაში RAW Wine NYC მონაწილეობდა გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო წერს.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საოჯახო მარნების ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე. აღნიშნულ გამოფენაზე გვაქვს შესაძლებლობა, ფართო მასშტაბით წარმოვაჩინოთ ქვევრის ღვინო, მოხდეს მისი გაცნობა საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის და მწარმოებლებს მიეცეთ პოტენციური იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს გამოფენებისა და ღონისძიებების კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა ელენე კიკნაძემ.
გამოფენის RAW Wine ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
მიმდინარე წელს ქართული ღვინის მარნები, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პარიზში, შანხაიში, ტოკიოში, კოპენჰაგენსა და ვერონაში გამართულ RAW Wine-ის გამოფენებში მონაწილეობდნენ.
„წელს საქართველოდან ყველაზე დიდი წარმომადგენლობა გვყავს. როდესაც ვსინჯავთ ქართულ ღვინოებს, აშკარაა, რამდენად განსხვავებულია თითოეული მათგანი. ყურძნის ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება მართლაც უნიკალურია. ძალიან სასიამოვნოა, რომ სულ უფრო მეტი მეღვინე მუშაობს აქამდე ნაკლებად ცნობილ ჯიშებთან. ადრე, ძირითადად, რქაწითელსა და საფერავს ვხედავდით, ახლა კი, ბევრად ხშირად გვხვდება ქისი, ქიხვი, მწვანე, ასევე როზე და ბუნებრივად ცქრიალა, რაც ძალიან სასიხარულოა. შესაბამისად ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება და სტილების მრავალფეროვნებაც მეტად იზრდება“, - აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.
ქართული ღვინის ფესტივალს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია დაესწრო. აშშ-ში ღვინის წარსადგენად ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსგანაც მიიღეს.
ერთი კვირის განმავლობაში, ნიუ-იორკში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ორ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე - ქართული ქარვისფერი ღვინის პირველ ფესტივალზე Amber Georgia და გამოფენაზე RAW Wine NYC.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.