თბილისი (GBC) - აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა. ABC News-ის წერს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს, რადგან ზამთრის ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, სამხრეთის რეგიონებში მკაცრი ყინვა ისევ ნარჩუნდება.

ტექსასიდან ტენესის შტატამდე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ ელექტროენერგიის აღსადგენად, მაშინ, როდესაც მოსალოდნელი „ნორისტერი“ (nor-easter) სამხრეთ-აღმოსავლეთს კიდევ ერთი არქტიკული ნაკადითა და ქარბუქით ემუქრება.

Associated Press-ის ცნობით, რამდენიმე შტატში სულ მცირე 85 ადამიანი დაიღუპა. უამინდობით გამოწვეული ფატალური შემთხვევების მიზეზი გახდა ჰიპოთერმია (გაყინვა), ნახშირბადის მონოქსიდით (CO) შესაძლო მოწამვლა და ავტოსაგზაო შემთხვევები, მათ შორის ინციდენტები ციგებითა და თოვლმწმენდი ტექნიკით.

ხუთშაბათს მისისიპის შტატში დაღუპვის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც მკაცრი ზამთრის გამო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ შტატში 14-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. შტატში 95 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, პროგნოზის მიხედვით კი უკიდურესად დაბალი ტემპერატურა შაბათ-კვირასაც შენარჩუნდება.

ტენესის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ოთხშაბათის მონაცემებით უამინდობასთან დაკავშირებული 13 ფატალური შემთხვევა დაადასტურა. შტატში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის ფონზე ხანგრძლივი ყინვებია. 93 000-ზე მეტი აბონენტი დენის გარეშეა დარჩენილი. ნეშვილის ოფიციალური პირების განცხადებით, ენერგომომარაგების სრულად აღდგენა შესაძლოა შაბათ-კვირამდე ან უფრო მეტხანს ვერ მოხერხდეს.

ლუიზიანამ ხუთშაბათს ზამთრის ქარიშხალთან დაკავშირებული მეცხრე გარდაცვალების შესახებ განაცხადა: 74 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში ჰიპოთერმიით გარდაიცვალა „ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის შემდეგ“.

ტექსასშიც დაფიქსირდა რამდენიმე ფატალური შემთხვევა, მათ შორის სამი ძმა, რომლებიც ტბორზე ყინულის ჩატეხვის შედეგად წყალში ჩავარდნენ და დაიღუპნენ. ასევე, ორი მოზარდი გოგონა, რომლებიც მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც მათი ციგა ხეს შეეჯახა.

ნიუ-იორკში სულ მცირე 10 ადამიანი იპოვეს გარდაცვლილი ღია ცის ქვეშ, აცხადებენ ოფიციალური პირები.

სანამ შტატები აგრძელებენ მუშაობას ელექტროენერგიის აღსადგენად და გზების თოვლისა და ყინულისგან გასაწმენდად, ამ უქმეებზე სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ახალი ქარბუქი მიემართება, რომელიც, სავარაუდოდ, კაროლინას, ჯორჯიას, ვირჯინიასა და ტენესის შტატებს დაატყდება თავს.