თბილისი (GBC) - გერმანიის სამთავრობო ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, გერმანელი სამხედროები ამ შემოდგომაზე პირველად მიიღებენ მონაწილეობას საფრანგეთის მთავარ ბირთვულ წვრთნებში - Poker. ამის შესახებ POLITICO წერს.  

ეს ნაბიჯი იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ეტაპი საფრანგეთსა და გერმანიას შორის ბირთვული შეკავების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღნიშნულ მონაწილეობაზე პარასკევს, გერმანიის ნიორვენიხის (Nörvenich) ავიაბაზაზე, საფრანგეთ-გერმანიის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის დროს შეთანხმდებიან. „დაგეგმილია შეთანხმებების გაფორმება“ ბირთვული შეკავების მიმართულებით თანამშრომლობაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს ოფიციალურმა პირმა. „სხვა საკითხებთან ერთად, დიდი ალბათობით გადაწყდება, რომ გერმანელი სამხედრო მოსამსახურეები შემოდგომაზე პირველად მიიღებენ მონაწილეობას საფრანგეთის ბირთვულ სწავლებაში“.

მარტში წარმოთქმულ ისტორიულ გამოსვლაში მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, შეთანხმდა ბირთვული შეკავების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ამ თანამშრომლობის ვარიანტები მოიცავს როგორც მონაწილეობას წვრთნებში Poker (რომელიც ჰაერიდან ბირთვული დარტყმების სიმულაციას ახდენს), ისე ბირთვული იარაღის მატარებელი ფრანგული გამანადგურებლების, Rafale-ების დროებით განთავსებას.

ელისეის სასახლის წარმომადგენელმა ასევე მიანიშნა, რომ პარიზი და ბერლინი ამ კვირაში ბირთვული შეკავების საკითხებზე წინსვლას აპირებენ. „წინასწარი შეკავების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული ილ-ლონგის (Île-Longue) გამოსვლიდან ერთი წლის თავზე, რისი პირველი ნიშნებიც [პარასკევს] გამოჩნდება“, - განუცხადეს მათ ჟურნალისტებს.

POLITICO წერს, მოლაპარაკებები იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ევროპული მთავრობები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იმას, თუ რამდენად დიდხანს შეძლებენ საკუთარი უსაფრთხოებისთვის აშშ-ზე დაყრდნობას. გერმანელი ოფიციალური პირის განცხადებით, მინისტრების შეხვედრა ჩინეთის მხრიდან მზარდი ზეწოლისა და იმ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ფონზე იმართება, რომლის გარანტირებულადაც მიღება აღარ შეიძლება.