თბილისი (GBC) – ესპანელმა ჩოგბურთელმა, დიდი სლემის ტურნირების 22–გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა პროფესიონალური კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. დევისის თასი, რომელიც მალაგაში 19–24 ნოემბერს გაიმართება, მისთვის უკანასკნელი ტურნირი იქნება.
„რეალობა ასეთია. ძალიან რთული წლები მქონდა, განსაკუთრებით ბოლო ორი წელი. არ მგონია, რომ თამაშს შევძლებ. ეს რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ვფიქრობ, ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის დასასრულებლად საუკეთესო დროა“, – თქვა ნადალმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში.
38 წლის რაფაელ ნადალმა კარიერა 2002 წელს დაიწყო. 209 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა მსოფლიოს პირველი ჩოგნის წოდებას. ნადალმა 22–ჯერ მოიგო დიდი სლემის ტურნირები, თოთხმეტჯერ გაიმარჯვა საფრანგეთის ღია ჩემპიონატებზე. იგი ოლიმპიური თამაშების და უიმბლდონის ჩემპიონიც არის.