თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აკვირდება ინფორმაციას რუსეთის ირკუტსკის ოლქში ჭირით შესაძლო ინფიცირების შემთხვევის შესახებ, ასევე საკარანტინო ზომებს, რომლებიც პროფილური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების შემდეგ ამოქმედდა.
ამის შესახებ Axios წერს.
„ტრამპის ადმინისტრაციამ იცის დაავადების გავრცელების შესახებ, აკვირდება სიტუაციას და აფასებს შემდგომი მოქმედებების ვარიანტებს“, – განაცხადა წყარომ გამოცემასთან.
Axios აღნიშნავს, რომ ჭირი პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიული დაავადებაა. თუმცა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში ინფექციის განკურნება ანტიბიოტიკებით შესაძლებელია.
რა ხდება ირკუტსკის ოლქში
მედიის ინფორმაციით, 25 სექტემბერს 28 წლის დარია შიპილოვამ, რომელიც ირკუტსკის ოლქში ჭირთან ბრძოლის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, სავარაუდოდ, ფილტვის ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარა გატეხა.
29 სექტემბერს ქალი მძიმე პნევმონიის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 1-ელიდან 2 ოქტომბრის ღამეს ის გარდაიცვალა.
შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოაცხადა. დაახლოებით 200 ადამიანი, რომლებსაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ გადაიყვანეს.
ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა განაცხადა, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფ ადამიანებს დაავადების ნიშნები არ აღმოაჩნდათ და ტესტირების შედეგებიც უარყოფითი იყო.
მიუხედავად მედიის ცნობებისა შიპილოვას ჭირით შესაძლო ინფიცირების შესახებ, რუსეთის ჯანდაცვის უწყებებს ეს დიაგნოზი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ. მათი ინფორმაციით, ქალს „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა, ხოლო შემდგომმა კვლევებმა მიკროორგანიზმები ვერ გამოავლინა.
