თბილისი (GBC) - მსოფლიო ლიდერები და ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელები გაეროს გენერალური ასამბლეის პლატფორმას იყენებენ, რათა ხელოვნური ინტელექტის (AI) რეგულირებისთვის გლობალური ჩარჩო შეიქმნას. თუმცა, პროცესს სერიოზულად აფერხებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია, რომელმაც ასამბლეაზე გამოსვლისას კატეგორიულად უარყო AI-ზე „კონტროლის ნებისმიერი გლობალისტური სქემა“.
Politico-ს ცნობით, შექმნილი ვითარება რთულ მდგომარეობაში აყენებს იმ ქვეყნებს, რომელთაც ამ მიმართულებით წინსვლა სურთ. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური პირების შეფასებით, თუ შეერთებული შტატები, სადაც უმსხვილესი AI ლაბორატორიების დიდი ნაწილი მდებარეობს, პროცესში არ ჩაერთვება, გლობალური ინიციატივების ეფექტიანობა მკვეთრად შეზღუდული იქნება.
გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ამერიკული წამყვანი AI კომპანიების ხელმძღვანელებმა მოდელების უსაფრთხოების რისკებზე ისაუბრეს. OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ოლტმენმა და Anthropic-ის ხელმძღვანელმა დარიო ამოდეიმ საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო გლობალური სტანდარტების შემუშავების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
პარალელურად, 22-მა ქვეყანამ, ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერობით, მიიღო დეკლარაცია, რომელიც AI-ის უსაფრთხოებაზე გლობალური საზედამხედველო რეჟიმის შექმნას მოითხოვს. თუმცა, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ორმა მთავარმა მოთამაშემ - შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა.
ევროპელი დიპლომატები და ოფიციალური პირები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის უარი გლობალური მმართველი ორგანოს შექმნაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროში გამოსვლისას მოუწოდა მსოფლიოს, არ გახდნენ „ორი დიდი მსოფლიო სახელმწიფოს ვასალები“ AI-ის პრობლემების მოგვარებისას და მხარი დაუჭირა ღია კოდის მქონე (open-source) პლატფორმების განვითარებას.
ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის პოზიციის გათვალისწინებით, გაეროს დონეზე ხელოვნური ინტელექტის გლობალური რეგულირებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი გზა ელის.
