თბილისი (GBC) – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) Bain Capital Investors-ის მიერ გერმანული Volkswagen AG-ის შვილობილ კომპანიაში, Everllence SE-ში, აქციების არაპირდაპირ შეძენაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს შეფასებით, გარიგება საქართველოს ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

GCCA-ს ინფორმაციით, შესწავლილი ტრანზაქცია კონგლომერატულ კონცენტრაციას წარმოადგენს და მხარეებს შორის ჰორიზონტალური გადაფარვა არ წარმოიქმნება. შესაბამისად, გარიგების შედეგად ბაზარზე კონცენტრაციის დონე არ იცვლება.

სააგენტოს შეფასებით, კონცენტრაცია არ ზრდის მხარეთა შესაძლებლობას, ერთი ბაზრიდან მეორეზე ძლიერი საბაზრო პოზიციის გადატანით კონკურენტების ბაზრიდან განდევნის მიზნით წვდომის შეზღუდვის პრაქტიკაში ჩაერთონ.

GCCA-ის განცხადებით, გარიგების შედეგად კონკურენტებისთვის, მომხმარებლებისა და მიმწოდებლებისთვის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის და ტრანზაქცია კონკურენციის შეზღუდვას არ გამოიწვევს.

Bain Capital Investors ამერიკული გლობალური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კერძო კაპიტალის, ვენჩურული ინვესტიციების, კრედიტისა და უძრავი ქონების მიმართულებებით მუშაობს და სხვადასხვა სექტორში ახორციელებს ინვესტიციებს.

Everllence SE Volkswagen Group-ის შვილობილი გერმანული საინჟინრო კომპანიაა, რომელიც სამრეწველო და ენერგეტიკულ სექტორებში საქმიანობს. კომპანია აწარმოებს საზღვაო და სტაციონარულ ძრავებს, კომპრესორებსა და ტურბინებს, ასევე მძიმე ინდუსტრიის დეკარბონიზაციის ტექნოლოგიებს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული კონცენტრაციაც ექვემდებარება GCCA-სთვის წინასწარ შეტყობინებას, თუ მას საქართველოს შიდა ბაზარზე გავლენა აქვს.

GCCA-ს ინფორმაციით, 2026 წელს სააგენტომ თანხმობა უკვე 12 კონცენტრაციაზე გასცა.