თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ უზბეკეთის ცენტრალური ბანკის მიერ ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო საჯარო აქტივების მართვის ფორუმში (IPAM Forum 2026) მიიღო მონაწილეობა.

ფორუმმა ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო რეზერვებისა და სახელმწიფო აქტივების მართვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და წამყვანი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „აქტივების სტრატეგიული განაწილება სუვერენული პორტფელებისთვის“, რომელიც სახელმწიფო საინვესტიციო პორტფელების სტრატეგიულ დაგეგმვას, აქტივების განაწილებას, დივერსიფიკაციასა და საინვესტიციო რისკების მართვას დაეთმო.

სესიის მონაწილეებმა გრძელვადიანი საინვესტიციო მიზნების გათვალისწინებით პორტფელების სტრატეგიული ფორმირების, აქტივების ოპტიმალური განაწილებისა და რისკების მართვის თანამედროვე მიდგომებზე იმსჯელეს. ეკატერინე მიქაბაძესთან ერთად, სესიაში ასევე მონაწილეობდნენ Goldman Sachs Asset Management-ის მმართველი დირექტორი რიჩარდ მული, შვეიცარიის ეროვნული ბანკის რაოდენობრივი ანალიზისა და სხვადასხვა აქტივის მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელი ვინსენტ კრეტოლი და J.P. Morgan Asset Management-ის ვიცე-პრეზიდენტი კამერონ მაკკრიმონი. სესიის მოდერატორი მსოფლიო ბანკის RAMP-ის უფროსი ფინანსური ოფიცერი და ჩართულობის მენეჯერი რეზარტ ერინდი იყო.

სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ცენტრალური ბანკების სავალუტო რეზერვების მართვა მხოლოდ უსაფრთხოების, ლიკვიდობისა და მომგებიანობის დაბალანსებას აღარ გულისხმობს. შესაბამისად, შეიცვალა აქტივების სტრატეგიული განაწილების მიდგომებიც.

„საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი გაურკვევლობის, ეკონომიკური ფრაგმენტაციისა და გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, აქტივების სტრატეგიული განაწილების პროცესის შედეგად, საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი დივერსიფიკაცია განახორციელა“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

IPAM Forum 2026-ის ფარგლებში ასევე განიხილეს გლობალური ფინანსური ბაზრებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვის ტენდენციები, რეზერვებისა და საჯარო აქტივების მართვის მდგრადი ჩარჩოები, გლობალური ფინანსური არქიტექტურის განვითარების პერსპექტივები და ოქროს როლი თანამედროვე სარეზერვო პორტფელებში.

ფორუმის მიზანი საჯარო აქტივებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვის მიმართულებით საერთაშორისო დიალოგის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

(R)