თბილისი (GBC) – სტამბოლის საფონდო ბირჟა (Borsa Istanbul) ძირითად ინდექსში BIST 100 შემავალი კომპანიების მეოთხედზე მეტს შეცვლის. ცვლილება საინვესტიციო ფონდებიდან თანხების მასობრივმა გადინებამ და ამის შედეგად გამოწვეულმა ლიკვიდობის კრიზისმა განაპირობა, ნათქვამია ბირჟის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბირჟის ინფორმაციით, ცვლილებები 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ეს ინდექსის შემადგენლობის ყველაზე მასშტაბური გადახედვა იქნება მას შემდეგ, რაც ბირჟამ, ექვსი წლის წინ, საფონდო ბაზრისთვის ახალი წესები შემოიღო.
გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლებამ ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ზომები მიიღო მას შემდეგ, რაც საინვესტიციო ფონდებში ლიკვიდობის დეფიციტმა ძირითადი საფონდო ინდექსის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
კერძოდ, ხელისუფლებამ რამდენიმე საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია მოითხოვა. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზოგიერთმა ფონდმა ინვესტორების მიერ თანხების დაბრუნების მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო.
BIST 100-ის ინდექსი გასულ კვირაში 8%-ით დაეცა, სამშაბათს კი მისი ვარდნა 0.9%-ს შეადგენდა.
ამ თვის დასაწყისში თურქეთის მარეგულირებლებმა ასევე შეცვალეს თავისუფალ მიმოქცევაში არსებული აქციების წილის (free float) გამოთვლის მეთოდოლოგია.
ბირჟის ინფორმაციით, ძირითად ინდექსს, მათ შორის, დატოვებენ ფინანსური კომპანიები Destek Finans და Katilimevim. ამასთან, ინდექსში დაბრუნდებიან კონგლომერატი Anadolu Grubu Holding და სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ოპერატორი TAB Gida.
ჯამში, BIST 100-ის ინდექსის შემადგენლობაში 27 კომპანია შეიცვლება.
