თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და ქვეყანაში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების პროგრამა 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა.
მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
გადაწყვეტილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამა მოიცავს იმუნიზაციას, ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის მკურნალობას, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებს, დიაბეტის მართვას, დიალიზს, იშვიათი დაავადებების მკურნალობასა და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის მშობიარობას.
სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ფარგლებში, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოჯახზე 300 ლარს, ხოლო თითოეულ პირზე 45 ლარს შეადგენს.
სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური დახმარების დაფინანსებას კი სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.
უწყვეტად ყოფნად ჩაითვლება შემთხვევაც, როდესაც პირი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადაკვეთს და ქვეყანაში არაუმეტეს სამი დღის ვადაში დაბრუნდება.
ამასთან, 45-ლარიანი დახმარება შეწყდება მომდევნო თვიდან, თუ პირი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს. 300-ლარიანი დახმარება კი ოჯახს მომდევნო თვიდან შეუწყდება, თუ საქართველოს ტერიტორიას მისი ყველა წევრი დატოვებს.
