თბილისი (GBC) - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 35 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო. დაფინანსება 5 წლიანი და ის სამი მიმართულებით დაიხარჯება: 

თანხის პირველი ტრანში 10 მილიონ დოლარს შეადგენს და ამ თანხით GHG-ი EBRD-ის არსებულ სასეხო ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს, რომელიც 2020 წელს მიიღო Covid19-თან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

მეორე ტრანში 15 მლნ დოლარს შეადგენს და ამ თანხით ჯანდაცვის ჯგუფი ფარმა ბიზნესის შესყიდვას განაგრძობს. კერძოდ, 2023 წლისთვის GHG კომპანია GEPHA-ს 11%-იანი წილის შეძენას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის ჯგუფს GEPHA-ს 33%-იანი წილის შეძენა აქვს დაგეგმილი, ტრანზაქციის დასრულება 2027 წელს იგეგმება. გეგმის მიხედვით თანხის 11% კომპანიამ სწორედ მომდევნო წელს უნდა გადაიხადოს.  GHG სააფთიაქო ბიზნესში 2016 წლიდან არის და ამ დროისთვის GEPHA-ში 67%-იან წილს ფლობდა, უმცირესი წილის გამოსყიდვის უფლებით.

რაც შეეხება თანხის მესამე ტრანშს - ის 10 მილიონ დოლარს შეადგენს და კლინიკების ქსელი EVEX-ის განვითარებას მოხმარდება. კერძოდ, 15 კლინიკის გაუმჯობესებას და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას. თანხით ნაწილობრივ მოხდება ადგილობრივი ობლიგაციების რეფინანსირებაც.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი „საქართველოს კაპიტალია“, რომელიც საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანიაა. „საქართველოს კაპიტალის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.