თბილისი (GBC) – 2022 წლის აგვისტოში, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7%-ით არის გაზრდილი.

ჯამში ხელფასის მიმღები პირების რაოდენობა 900 000-ს აჭარბებს. PMCG-ის კვლევის მიხედვით, აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. გამოდის რომ ქვეყანაში 200 ათასამდე პირის ხელფასი თვეში 600 ლარამდეა.

აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 19.5%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, საანალიზო პერიოდში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.8%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 77.3%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.8%-ს შეადგენდა.