თბილისი (GBC) - ფინანსისტებს, დედოლარიზაციის კამპანიიდან შესაძლო გადახვევაზე ცალკეული დეპუტატების მოსაზრებები და შესაბამისად მოლოდინები, არასწორად მიაჩნიათ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით,  უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე 25%-იანი სარეზერვო ნორმის 20%-მდე შემცირების გადაწყვეტილება განპირობებული იყო გლობალური განაკვეთების გაზრდით. რეგულაციის შემსუბუქება ემსახურებოდა წნეხის განეიტრალებას, რაც საბოლოოდ მომხმარებლის ინტერესშია, რადგან ის ზემოქმედებს სასესხო განაკვეთზე.

ძნელაძის თქმით, შემსუბუქების არგუმენტები ბაზარს მანამდეც ჰქონდა და ამის საკმარისი  საფუძველი იყო.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დეპუტატების კითხვებს, 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის საკომიტეტო განხილვაზე, ოთხშაბათს უპასუხა.

სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ლარიზაციის კამპანიაში პრინციპული ცვლილება არ არის. სიახლეა მხოლოდ ის, რომ დაკრედიტება მიება შემოსავალზე, კონკრეტულ ვალუტაში. რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას, რასაც თავის მხრივ ემსახურება დედოლარიზაცია.

ნათია თურნავამ იგულისხმა ლარში გასაცემი სესხების  ₾200 000 ზღვრის ₾300 000-მდე გაზრდის გადაწყვეტილება, რომელიც  იანვრიდან ამოქმედდება და ₾300 000-იდან სავალუტო სესხი მხოლოდ ჰეჯირებული კლიენტებისთვის იქნება  ხელმისაწვდომი.

ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ სებ-ი საბანკო სექტორთან ერთად მუშაობს სამომავლო გადაწყვეტებზეც, სხვადასხვა ინსტრუმენტის კომბინაციით. რისი საჭიროებაც ბოლოდროინდელმა გამოწვევებმა განაპირობა და რამაც უფრო მეტად უნდა შეამციროს მოწყვლადობა გარე შოკების მიმართ.

მისივე თქმით, პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტად რეფინანსირების განაკვეთი რჩება, თუმცა ბოლო დროის ანტიინფლაციურ გლობალურ პოლიტიკაში ალტერნატივებიც განიხილება. ინფლაციის მოთოკვის ტაქტიკისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ჩართვა, - სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სამომხმარებლო სესხის ვადის 3 წლამდე დამოკლების წვლილზეც აღნიშნა, რაც შემდგომ გადაიხედა და შეიცვალა.

მისი თქმით, სებ-ის ნაბიჯები თანმიმდევრულია. მაღალი დოლარიზაცია ღია და მცირე ეკონომიკის ქვეყნისთვის რისკებს ქმნის. თურნავას თქმით დედოლარიზაცია თვითმიზანი არ არის. მიზანი დაცულობის დონის გაზრდაა, რასაც ემსახურება ბოლო კომბინაციები. 

 

  
 

(წყარო: ბიზნესპარტნიორი)