თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, გენპროკურატურასთან კოორდინაციით, რუსეთის 5 მოქალაქის დაკავებაზე აცხადებს,  ფულის გათეთრებაზე. 

გამოძიებით დგინდება, რომ ერთ-ერთი კომპანია, სებ-ის რეგისტრაციისა გარეშე, უნებართვოდ ახორციელებდა ვირტუალური აქტივების მომსახურებას, როგორც არალეგალური ოფისის, ასევე ე.წ. „საკურიერო“ სერვისის შეთავაზებით.

ირკვევა, რომ რუსები საქართველოში, სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით მოქმედებდნენ. შემოჰქონდათ  უცხოუორი ვალუტა და ყიდულობნე კრიპტოვალუტას. 

რის შემდეგაც დაუსაბუთებელ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს. მიუხედავად მსხვილი ოპერაციებისა, ფიგურანტ კომპანიასა და ფიზიკურ პირებს ბიუჯეტში თანხის გადახდა არ უფიქსირდებათ.

კომპანიის ოფისიდან ამოღებულია 371 000 აშშ დოლარი, სააღრიცხვო მონაცემები, დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა.

აგრეთვე, ამოღებულია ერთი ფიზპირისგან, ვირტუალური აქტივების შესაძენად გადასაცემი - 100 000 აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებიდან - 250 000 აშშ დოლარი, ჯამში - 721 000 აშშ დოლარი.

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.