თბილისი (GBC) — საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ევროპის რეგიონულ დირექტორად რანა კარადშე დანიშნა. ვენის ოფისიდან ის უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე IFC-ის საპასუხო პროექტებს უხელმძღვანელებს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის როლის გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შესაქმნელად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 

როგორც ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალფონსო გარსია მორამ აღნიშნა: „რანა კარადშეს დიდი ცოდნა და გამოცდილება უმნიშვნელოვანესი აქტივი იქნება ისეთ დროს, როცა COVID-19-ით უკვე დასუსტებული ევროპა არაერთი შოკის წინაშე დგას - ომი უკრაინაში, ენერგეტიკული კრიზისი, ფინანსური პირობების გამკაცრება და სხვ.  დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი ხელმძღვანელობით IFC შეძლებს ღონისძიებების დაჩქარებას კერძო სექტორის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და გააფართოებს პროგრამას რეგიონის „მწვანე“, მედეგი და ინკლუზიური განვითარების მხარდასაჭერად.“

რანა კარადშე შეერთებული შტატების და იორდანიის მოქალაქეა. მას საერთაშორისო ფინანსების სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს და  არც თუ დიდი ხნის წინ ეკავა IFC-ის მრეწველობის, აგრობიზნესის და მომსახურების რეგიონული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში. მანამდე ის IFC-ის მენეჯერი იყო სინგაპურში.

ქ-ნი კარადშე ფლობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში. 

ახალი რეგიონული დირექტორის პრიორიტეტებს შორის იქნება მაღალი შედეგების მქონე ე.წ. „მწვანე“ პროექტები, ასევე ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიები და ფინანსური ინკლუზიურობა.

ახალ როლის შესახებ რანა კარადშემ აღნიშნა: „ომის ფონზე, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს იწვევს ევროპაში COVID-19-ის გრძელვადიან ზემოქმედებასთან ერთად, IFC-ისთვის მნიშვნელოვანი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა კერძო სექტორის, მთავრობის და პარტნიორების ჩათვლით. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რეგიონის ქვეყნებს კრიზისიდან გამოსვლაში, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შექმნაში.“

მან ასევე განაცხადა: „IFC-ის მიზანი მცირე ბიზნესის, რეგიონის ეკონომიკის საყრდენის,  მათ შორის, ქალი მეწარმეების მხარდაჭერაა, რაც მათთვის დაფინანსებაზე წვდომის გაუმჯობესებას გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია კლიმატზე ორიენტირებული ინვესტიციები, სამუშაო ადგილების და ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად, და გრძელვადიან პერსპექტივაში დეკარბონიზაციის და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ამაღლების ჩათვლით.“

განვლილი ფისკალური წლის განმავლობაში (რომელიც 30 ივნისს დასრულდა), ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე IFC-მ რეგიონის კერძო სექტორში დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. კლიმატზე ორიენტირებულმა ინვესტიციებმა რეგიონში IFC-ის გრძელვადიან ინვესტიციებში რეკორდულ ნიშნულს - 74 პროცენტს მიაღწია. გარდა ამისა, IFC-მ 128 მლნ. აშშ დოლარზე მეტი ღირებულების  საკონსულტაციო მომსახურება გასწია 62 პროექტის ფარგლებში. ამ პროექტების მიზანი რეგიონში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ბაზრის შექმნა იყო.

IFC-ის შესახებ:

IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2022 საფინანსო წლის განმავლობაში, IFC-მ განვითარებად ქვეყნებში კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში რეკორდული, 32.8 მილიარდი აშშ დოლარის  მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რათა კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი შეესრულებინა უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში, სხვადასხვა კრიზისების შედეგებთან ქვეყნების ბრძოლის პარალელურად.