თბილისი (GBC) – ოთხშაბათის ვაჭრობაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი კიდევ 1,11%–ით დავარდა და მინიმალური ფასი ბარელზე $62,58–ზე დაფიქსირდა. აღნიშნული მარკის ნავთობი ასეთ დაბალ ნიშნულზე პირველად ჩამოვიდა 11 აპრილის შემდეგ.

დონალდ ტრამპის მიერ გაჩაღებული სავაჭრო ომის პირობებში აპრილის დასაწყისიდან ნავთობის ფასი 16,3%–ით არის დავარდნილი: აშშ–ის პრეზიდენტმა 2 აპრილიდან დაუწესა 211 ქვეყანას და ტერიტორიებს 10–50%–იანი გადასახადი. Bloomberg-ის დაანგარიშებით, აპრილში ნავთობის გაუფასურება შეიძლება ყველაზე მასშტაბური იყოს 1988 წლის შემდეგ, როდესაც ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობა დაიწყო.

სააგენტო წერს, რომ ტრამპის სავაჭრო ომი ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება, რაც ბაზარზე ენერგომატარებლებზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინებს ქმნის.

კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორი აღმოჩნდა ნავთობის ბაზრისთვის OPEC+-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მაისიდან ნავთობმოპოვება დღე–ღამეში 411 ათასი ბარელით უნდა გაიზარდოს, რაც სამჯერ აღემატება მანამდე დაანონსებულ მატებას. ალიანსის მომდევნო სხდომა 5 მაისს ჩატარდება, სადაც ივნისში ნავთობმოპოვების მოცულობას განსაზღვრავენ.