თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა გრეგორი მიქსმა აშშ-სა და უკრაინის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას "გამოძალვა" უწოდა და "მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დონალდ ტრამპს ნამდვილ დაბრკოლებაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა". ამის შესახებ კონგრესმენის მიერ წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„დონალდ ტრამპის მიერ გამოძალვითი შეთანხმების ხელმოწერით, მაშინ როდესაც უკრაინა აგრძელებს რუსეთის უკანონო აგრესიისგან თავდაცვას, იმედი მაქვს, რომ ადმინისტრაცია ახლა შეძლებს ყურადღება გაამახვილოს ნამდვილ დაბრკოლებაზე: ვლადიმერ პუტინზე“, – განაცხადა მიქსმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ გამოავლინა მზადყოფნა მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებისთვის.

„ახლა დროა ტრამპმა მოახდინოს ზეწოლა პუტინზე. იქ, სადაც ეს საჭიროა“, – განაცხადა მიქსმა და იქვე აღნიშნა, რომ ტრამპმა უნდა ითანამშრომლოს კონგრესთან, რათა ზეწოლა მოახდინოს პუტინზე და მკაფიოდ განაცხადოს, რომ რუსეთი თუ არ იქნება მზად რეალური დათმობებისთვის და სამშვიდობო პროცესში მონაწილეობისთვის, აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მიიღებს სერიოზულ ზომებს.

30 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მიწაიშვიათი ლითონების შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო აცხადებს. 

„30 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შექმნას. პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, რომელიც მიმართულია ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მოხარული ვარ, განვაცხადო დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, რომელიც აფუძნებს საინვესტიციო ფონდს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას.

ეს შეთანხმება მკაფიოდ მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, მშვიდობის პროცესი დაფუძნებული იყოს თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერიოდში. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ეს პარტნიორობა ამერიკელ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის, რათა ნაჩვენები იყოს ორივე მხარის ვალდებულება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ“, – აღნიშნა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე უკრაინის მთავრობა მოუთმენლად ელოდება ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის სწრაფად ამოქმედებას, როგორც უკრაინის, ისე ამერიკელი ხალხისთვის.

თავის მხრივ, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ დაადასტურა შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესანტთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“, – წერს სვირიდენკო.

ამასთან, სვირიდენკოს თქმით, შეთანხმება შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროინტეგრაციის კურსს.

„ასევე ეს იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა“, – აღნიშნა სვირიდენკომ.

ინფორმაციისთვის, ახლა შეთანხმება უნდა რატიფიცირდეს უმაღლესი რადას მიერ.