თბილისი (GBC) - ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ კლინიკა კორონავირუსის პერიოდში დაგროვებული დავალიანების 25%-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდის, ის დარჩენილი თანხისგან სრულად გათავისუფლდება.

„პირველი საკითხი ეხება კოვიდის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელებულ სამედიცინო მომსახურებას. მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული არაერთგვაროვანი შეხედულებები საზოგადოებაში, ინფორმაციაც იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ სამედიცინო სერვისების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით იყო წარმართული და არსებობდა გარკვეული პრობლემები სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში. ეს ასახულია მათ შორის, არაერთ აქტში, რომლითაც შემოწმდა ასეთი დაწესებულებების იმ პერიოდის საქმიანობა და რომელთან დაკავშირებითაც გამოვლინდა კონკრეტული ნაკლოვანებები.

მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივად განხორციელდება ყველა ამ დაწესებულების მიმართ, რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები წარმოშობილი სახელმწიფოს წინაშე, ფინანსური პასუხისმგებლობის სახით, შეეთავაზებათ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუკი დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25% აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლებიდან“, – თქვა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ეს შეთავაზება ძალაში შევა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ და სამედიცინო დაწესებულებებს მიეცემათ ვადა, რათა მიმართონ სახელმწიფოს.

სარჯველაძემ თქვა, რომ კლინიკების კოვიდის პერიოდში დაგროვებული დავალიანების ჯამური ვალდებულებების ოდენობა დაახლოებით ₾26 მლნ-ია.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ რეფორმის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული დაავადებები, რაც მომავალში სახელმწიფოს ხარჯებს შეუმცირებს.

სარჯველაძის თქმით, "ახალი მოდელის დანერგვა მოითხოვს ინვესტიციებს და ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო მომდევნო წლების განმავლობაში დაფინანსებას ამ კუთხით 120 მილიონი ლარით გაზრდის".