თბილისი (GBC) - ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში „ქართუ ბანკის” SWIFT და Visa/MasterCard სისტემებიდან გათიშვას ითხოვს.

კერძოდ, დოკუმენტის ტექსტში არის მოწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების მიმართ, რომ კოორდინირებულად შემოიღონ პირადი სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ახლო წრის წინააღმდეგ, ასევე, გაყინონ ივანიშვილის ყველა აქტივი ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ამასთან, EPP მოუწოდებს ევროპულ საბჭოს გადადგას შესაბამისი ნაბიჯები „ქართუ ბანკის“ SWIFT და Visa/MasterCard სისტემებიდან გათიშვის მიზნით და ასევე დააწესოს სანქციები იმ ბიზნესებზე, რომლებიც მხარს უჭერენ მას.

დოკუმენტში EPP მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მოგზაურობა ქართველი დიპლომატებისთვისა და ოფიციალური პირებისთვის, როგორც პირველ ნაბიჯს - და ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება” სრულიად პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ შედეგებზე - თუ დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებებზე შესაბამისი პირობები და თავისუფლებები არ იქნება დაკმაყოფილებული.

ცნობისთვის, მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ევროპის პარლამენტის უდიდესი და ყველაზე ძველი ჯგუფია. მისი წევრია „ნაციონალური მოძრაობა“.