თბილისი (GBC) – 2026 წელს უკრაინა აშშ-ისგან თვეში საშუალოდ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის მხოლოდ 12 რაკეტას იღებს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ყოველთვიურად დაახლოებით 150 რუსული ბალისტიკური რაკეტის მოგერიება უწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მთელი 2026 წლის განმავლობაში უკრაინა აშშ-ისგან თვეში "პატრიოტის" 12 რაკეტას მიიღებს... წარმოიდგინეთ: ამერიკისგან წელიწადში 150 რაკეტის იმედი შეიძლება გქონდეს, ჩამოსაგდები კი თვეში 150 ბალისტიკური რაკეტაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-იდან მიწოდების შემცირება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ყოველდღიურად მუშაობს სხვა ქვეყნებიდან რაკეტა-გადამჭერების მოძიებაზე და ყოველკვირეულად აფორმებს დახმარების ახალ პაკეტებს. თუმცა, მესამე ქვეყნების მიერ უკრაინისთვის რაკეტების გადასაცემად ვაშინგტონის ოფიციალური თანხმობაა საჭირო.
ზელენსკიმ განმარტა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა 12-რაკეტიან ამერიკულ პაკეტს ხელი უკვე მოაწერა, თუმცა გადასაჭრელი რჩება კიდევ 23 რაკეტის შეთანხმების საკითხი, რომლებიც უკრაინამ სხვა მიმართულებებით იპოვა.
ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა, რომ ნიუ-იორკში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მან ითხოვა საჰაერო თავდაცვის „ზამთრის პაკეტის“ დამტკიცება და სანაცვლოდ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტა შესთავაზა. თუმცა ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ს თავადაც აქვს რაკეტების დეფიციტი და შესაძლებლობების ფარგლებში იმოქმედებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ რაკეტების მოწოდების შეფერხება ემთხვევა სხვა სირთულეებს, მათ შორის Starlink-ისა და Starshield-ის სისტემების მუშაობას, დაზვერვის მონაცემების გაზიარებასა და ე.წ. „დიზელის შეთანხმების“ განხორციელებას.
„როდესაც სხვადასხვა ფაქტორის დამთხვევა ხდება... ჩვენ ვხვდებით, საით მიდის ყველაფერი. Home Alone (მარტო სახლში) - ასე ჰქვია შემდეგ ნაწილს. ეს არის რთული გამოწვევა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კიევი ყოველთვის ეხმარებოდა ამერიკულ მხარეს, მათ შორის საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული აშშ-ის ბაზების უსაფრთხოების საკითხებში.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა თითქმის ერთი თვე ელოდებოდა პიტ ჰეგსეთის ხელმოწერას Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემების რაკეტების მიწოდების დოკუმენტებზე.
